ქ.თბილისის N12 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მოგზაურთა კლუბი, რომლის ფარგლებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს კახეთში. ღირსშენიშნაობების დათვალიერება დავიწყეთ საგარეჯოდან, კონკრეტულად კი მოვინახულეთ ნინოწმინდა. ნინოწმინდა სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს. კომპლექსი მაღალი და კარგად შემონახული გალავნით არის შემოზღუდული. ეზოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობაა.
გზა განვაგრძეთ
გურჯაანისაკენ, სადაც მოვინახულეთ კურორტი ახტალა. ახტალა ტალახით
სამკურნალო ერთადერთი კურორტია საქართველოში. აქ მოპოვებული ტალახით
მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის,
გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ და სხვა დაავადებებს. გარდა
დაავადებებისა იგი ასევე გამოიყენება შეხორცებითი ჭრილობების
სამკურნალოდ. ახტალის კურორტზე კლინიკური და ექპერიმენტული
დაკვირვებისა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია
ტალახით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები.
ახტალის
კურორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია
დასასვენებელი პარკი, რომელიც ასევე მოვინახულეთ.
ჩვენს ბოლო გაჩერებას წარმოადგენდა ერეკლე მეფის სასახლე თელავში. მართლაც რომ შესანიშნავი სანახაობა იყო. ტერიტორია შემოსაზღვრულია გალავნით, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელიც აქვს. ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. შიდა ტერიტორიაზე გვხვდება სასახლე, კარის ეკლესია და მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია არა მხოლოდ ერეკლე მეფის ნივთები, ასევე ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII და XIX საუკუნის სპილენძის საოჯახო ნივთები და იარაღი, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ხელნაწერები, ერეკლე მეფის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები და სხვა.
მეფის
კარის ეკლესია აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა იგი თავდაცვით
ფუნქციას ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონდა სათოფურები.
ეკლესიიდან დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი რომლის
მსგავსი საქართველოში არსად გვხვდება. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა
ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის
ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.