პედაგოგიური პროფესიის თავისებურებანი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : ნ რამიშვილი-ქათამაძე

ყოველ ადამიანს, რომელსაც სკოლაში უსწავლია, ბუნებრივად ჩარჩენია მეხსიერებაში ნათელი მოგონება იმ მასწავლებლებზე, რომლებმაც გააღვიძეს მასში საუკეთესო მისწრაფებანი, რომლებმაც თავი დაამახსოვრეს დიდი პროფესიონალიზმით, თანაგრძნობითა და ადამიანური დამოკიდებულებით.
ძლიერ, პირად დადებით გავლენას ბავშვზე ახდენს ის პედაგოგი, რომელიც თავად იძლევა მაღალი პრინციპების ნიმუშს, თავისი ყოფაქცევით მუდამ სამართლიანია, იცის ანგარიშის გაწევა ყოველი ბავშვის თავისებურებისათვის , კარგად იცნობს  ყველა ბავშვს,იცის მათი ინდივიდუალური თვისებები, თვითონ ამჟღავნებს ცოდნას და უნარს, არის მომთხოვნი და ობიექტური  ბავშვებისადმი , საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბოდიში მოუხადოს აღსაზრდელს, უკან დაიხიოს, აგრძნობინოს მას, რომ მის  წინაშეა სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც პატივისცემით უნდა მოექცეს. მასწავლებელს უნდა შეეძლოს „უსიამოვნების“დავიწყება. იცოდეს, რომ საჭიროა ლაპარაკი ბავშვებთან როგორც თანასწორებთან. არის გულღია , ბავშვებთან მხიარული და საინტერესო მათთვის. ასეთი პედაგოგი უყვართ ბავშვებს, პატივს სცემენ, ისწრაფებიან მისკენ, უმეგობრდებიან მას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებლის პირადი მაგალითი მშობლებისთვისაც. ასეთი მასწავლებელი ხელს უწყობს მშობელს , სრულყოფილად აღზარდონ ბავშვები, რაც სკოლისა და ოჯახის მოტივირებული შრომით მიიღწევა.
მასწავლებელს  დიდ  სიხარულის ანიჭებს იმის შესაძლებლობა, რომ მუდამ ხედავს და გრძნობდეს , როგორ  იზრდებიან ყოველდღიურად მისი მოსწავლეები, ეუფლებიან ცოდნას, როგორ ვითარდება მათი აზროვნება და ყალიბდებიან სრულყოფილ  განათლებულ არსებად.
მასწავლებლის შრომა მიმზიდველია კიდევ იმითაც რომ ის მოითხოვს მასწავლებლის მუდმივ ზრდა-განვითარებას, აჩვევს მას თავისი ცოდნის სრულყოფა-გამდიდრებაზე მუშაობას, ახალი,  ინოვაციური  მეთოდებისა  და უნარების გამოყენებას.
მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობაა, აღზარდოს ბავშვები მასთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში : კლასში, გაკვეთილებზე გადასცეს ცოდნა სრულყოფილად. ამ მოვალეობას ყველა მასწავლებელი ერთნაირად ვერ ასრულებს არა იმიტომ, რომ განათლება არ აქვს , არამედ იმიტომ რომ ამ მოვლეობას ასრულებს ფორმალურად, მშრალად. ზოგი კი ისე აწვდის ბავშვებს ცოდნას, რომ აღვიძებს მასში სურვილს, იმუშაოს,  ისწავლოს მეტი, გააკეთოს უკეთესად ,სისტემატიურად.
მასწავლებელი რომელიც შემოქმედია, ემზადება სრულყოფილად გაკვეთილისთვის , ფიქრობს, როგორ დააინტერესოს ბავშვების ცოდნის მიღებისას. იგი წინასწარ გეგმავს გაკვეთილს, იყენებს თვალსაჩინოებას. მეტყველებს და წერს სწორი გრამატიკული ფორმებითა და მეთოდური ლექსიკით გამოირჩება , ასეთი მასწავლებელი დიახაც მოსწონთ ბავშვებს და მის მიერ ზეპირად გამომეტყველებით წარმოთქმული ტექსტი ბავშვის ემოციასა და ინტერესს. მისასალმებელია  მასწავლებლის პირადი ინოვაცია , მაგრამ ის მოითხოვს სწორ მიმართულებას.
იყო ბავშვისათვის ახლობელი აუცილებელი თვისებაა პედაგოგისათვის. მასწავლებელს, რომელსაც აქვს უნარი გულწრფელად იმუშაოს ბავშვებთან,ისაუბროს მათთან ბავშვურ საქმეებზე, შეუძლია იყოს მასავით მხიარული- ასეთი მასწავლებელი გაცილებით მეტ  გავლენას ახდენს ბავშვებზე, ვიდრე გულცივი, მკაცრი, ბავშვებთან ნაკლებ დაახლოებული პედაგოგი.
ნამდვილ პედაგოგს გულწრფელად უყვარს ბავშვები ისე, რომ აწუხებს ყოველი ბავშვის მომავალი, იჩენს მზრუნველობას მის ჯანმრთელობაზე, მის წარმატებასა და განვითარებაზე, უხარია მისი სიხარული, ანუგეშებს მას მწუხარების წუთებში, თუ ასეთ შემთხვევას ექნება ადგილი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის საუბრის ტონს ბავშვებთან ურთიერთობაში. მას უნდა ჰქონდეს აუღელვებელი , წყნარი ტონი. დაუშვებელია მასწავლებელი ბავშვებს ესაუბროს გულმოსული, გამაღიზიანებელი ტონით. ასეთ გარემოში ბავშვები შეშინებული , დაშავებული და ნერვიულები ხდებიან. პირიქით, მასწავლებლის ხმაში უნდა იგრძნობდეს:  პატივისცემა, გულწრფელობა და გულთბილობა ბავშვისადმი. წყნარ და აუღელვებელ ტონს მასწავლებელმა უნდა დაამატოს სიმტკიცე, ურყეობა და ბავშვისადმი წაყენებულ მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობა. ეს ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგის მიღწევაში.
თავისი მასწავლებლის კარგ თვისებებს ბავშვები აფასებენ და ცდილობენ მათ გაგებას. მათ მოსწონთ ისეთი პედაგოგი, რომელიც კარგად გასაგებად ხსნის , რომელსაც აქვს სანიმუშო დისციპლინა. ბავშვები გრძნობენ იმას, მართებულ შეფასებას აძლევს თუ არა მასწავლებელი მათ ცოდნას.
მასწავლებლის საუკეთესო თვისებაა, იყოს პედაგოგიური კოლექტივის  ღირსეული წევრი. არ იყოს რომელიმე დაჯგუფებაში. იყოს ერთსულოვანი კოლექტივის მუშაობაში. საჭიროა, პედაგოგს შეეძლოს კრიტიკა და  თვითკრიტიკა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი მუშაობის გაუმჯობების მიზნით.
პედაგოგის პროფესიის თავისებურებათა  სირთულის მიუხედავად, მასწავლებლებლობა ღირსეულთა  ხვედრია. განა სიამაყით არ ამბობენ პედაგოგები: მე მასწავლებელი ვარ, მე მასწავლებლად ვმუშაობ ......
ჩვენ, მასწავლებლებმა , საკუთარი სურვილებით დავუკავშირეთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა საზოგადოების ყველაზე ძვირფას, ულამაზეს არსებებს, ბავშვებს, რომლებიც არ გვაძლევენ უფლებას, მოვდუნდეთ,  ფეხი არ ავუწყოთ ცხოვრებას და იმ სიახლეებს, რასაც უხვად გვთავაზობს საგანმანათლებლო რეფორმა.


საკონტაქტო ინფორმაცია

ქ. თბილისი ჭყონდიდელის N85
2662144; 2662875
577335617
http://skola12.gweb.ge/ka/
სწავლება არის ერთცვლიანი 09:00სთ-დან 14:10 სთ-მდე..(ფუნქციონირებს შეჭრილი ცვლა დაწყებითი კლასებისთვის 12:20სთ-დან-15:30 სთ-მდე) სწავლების საფეხური: დაწყებითი, საბაზო, საშუალო.